ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ სტუდენტებს მათი სწავლის დაფინანსების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 1 200 სტუდენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. მინისტრმა სტუდენტებს სხვა პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მთავრობის მიერ ხორციელდება.
ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სისიაშვილმა სახელმწიფო მინისტრს ოსურად ნათარგმნი საკუთარი მოთხრობების კრებული გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა, ასევე გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში.