ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა [ფოტო]
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსი საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისება.
ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის დღე მიულოცა.
„ქართული ენა საუკუნეების მანძილზე მთავარი საყრდენია ჩვენი იდენტობის, კულტურის, არქიტექტურის, ლიტერატურის და რა თქმა უნდა, მას დაცვა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამ მიზნისთვის დღეს ჩავატარეთ კონკურსი „მე ვწერ ქართულად“, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამ ბავშვებმა წარმატებით გაიარეს პირველი, შესარჩევი ეტაპი. დღეს უკვე დასკვნითი ეტაპი იყო და სამი გამარჯვებული გამოვლინდა.
ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის წარმატების გასაღებია. როდესაც ჩართულობაზე, თანასწორობაზე, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოშიც და ყველა სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ ნაბიჯებს ვდგამთ და დღეს ახალგაზრდები გაცილებით უკეთ ფლობენ სახელმწიფო ენას. ამ უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც მშობლიურ ენაზეც მეტყველებენ და ამავდროულად სახელმწიფო ენაც საფუძვლიანად იციან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. თსუ-ში გამართულ დასკვნითი ეტაპზე კონკურსანტებმა მწერალ ბექა ქურხულის ნაწარმოებიდან ფრაგმენტის კარნახი დაწერეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ კი სამი გამარჯვებული გამოავლინა – აიტან მეხტიევა, მანუშაკ ვართანიანი, ანასტასია მინასოვა. მათ სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
„გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ყველა მეუბებოდა, რომ ამის იმედი უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო. ძალიან გამიხარდა. საკონკურსო ტექსტი ჩემთვის რთული არ იყო. ადვილად გავართვი თავი. ძალიან კარგი კონკურსი იყო და მომავალშიც თუ მექნება შესაძლებლობა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას“, – ამბობს ერთ-ერთი გამარჯვებული, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე აიტან მეხტიევა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი.
კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.