ქეთევან ციხელაშვილმა დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა
ქეთევან ციხელაშვილმა დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრია აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროგრამის განხორციელების გზებზე დეტალურად პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ის გამოწვევები, რასთან გამკლავებაც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიიღო მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ სირთულეებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რომლითაც საქართველო რუსულ ოკუპაციას პასუხობს და ჯონათან ჯანოგლის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

სამშვიდობო ინიციატივა იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მომდევნო შეხვედრაზეც, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დამატებით დირექტორთან, რუპერტ აინლისთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანულ მხარეს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ქეთევან ციხელაშვილი „ჩეთემ ჰაისის“ კონფერენციას, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი: შენარჩუნება და მოდერნიზაცია“ გახსნასაც დაესწრო, რომელზეც ყოველწლიურად იწვევენ.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი გავლენიანი საექსპერტო წრეების წამომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. მათ შორის Centre for European Reform-ის საგარეო პოლიტიკის დირექტორს იან ბონდის, Foreign Policy Centr-ის უფროს მრჩეველს ქრეიგ ოლიფანტის, Henry Jackson Society-ს რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორს ენდრიუ ფოქსელის და ა.შ.

საუბრის თემა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები და ის ნაბიჯები იყო, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

„ბრიტანეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია. მასპინძლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სურვერენიტერის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ახლახანს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის მადლობა გადავუხადე. ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს და კონფლიქტის მოგვარებაში ფაქტობრივად 25 წელია ჩართულია. მასპინძლებმა დაადასტურეს მზაობა თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია – საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკს, ჩვენი მიდგომებისა და ახალი ინიციატივების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე და დაისახა გეგმები,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.