ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელთან ვიდეოშეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიდეოშეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების სიახლოვეს.
მათივე ცნობით, დისტანციურ შეხვედრაზე გლობალური პანდემიის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.
„მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა ახალგორიდან ტრანსპორტირებისას გარდაცვლილი 63 წლის მამაკაცის შესახებ, რომლის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაც, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და გაწეული ძალისხმევისა, დროულად ვერ მოხერხდა. ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პიტერ ვიბლერმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში არსებულ ვითარებასაც, განხილულ იქნა მოსახლეობის სამომავლო დახმარების შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ და მეტად მოხდება ფოკუსირება გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებზე და მათ საჭიროებებზე.
შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. განიხილეს USAID-ის პროგრამები, რომლებსაც მისია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმისთვის, რომ დახმარება გაეწიოს იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
„სახელმწიფო მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით მათი ჩართულობით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისთვის, ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.