ქეთევან ციხელაშვილი - ზაზა გახელაძის საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში იქნება ყველაზე მაღალ დონეზე
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გუშინ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე იმსჯელეს.
ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გახელაძის საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში იქნება ყველაზე მაღალ დონეზე.
„გუშინ ეუთოს მუდმივ საბჭოზე, ძალიან დეტალურად განვიხილეთ და დავაყენეთ მისი გათავისუფლების მოთხოვნა, რასაც მხარი დაუჭირა ძალიან ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა. ცხადია, რაიმე ტიპის ბრალდებაზე, ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი აქ სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმეტია. მე ეს ვახსენე კიდეც ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოზეც.
რაც შეეხება ეუთო-ს კონტექსტს, აქ ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია. ეუთო-ს ჰყავს თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რომელთანაც საგარეო უწყებას პირველივე წუთებიდან აქვს კონტაქტი და მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია. ასევე გამოყენებულია მუდმივი საბჭო. ყველა პარტნიორთან, მეგობართა ჯგუფთან გვაქვს კომუნიკაცია ერთი თხოვნით და მოთხოვნით, რომ გათავისუფლდეს ეს ადამიანი. ცხადია ეს საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში იქნება ყველაზე მაღალ დონეზე.
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა ორი დღე გრძელდებოდა და ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა ინტერვენცია ამ საკითხზე, მათ შორის არაფორმალურადაც გვქონდა საუბრები კვირის განმავლობაში. ბუნებრივია, ის სამუშაო რომელიც უნდა გაკეთდეს, გრძელდება ყოველდღე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.