ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი იქნას გათავისუფლებული დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, პროცესში ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის ჩართული და ქართული მხარის მოთხოვნაა, დაკავებულ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.
„ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი იქნას გათავისუფლებული დაუყოვნებლივ, ესაა ყველაზე მთავარი პრიორიტეტი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამისათვის მუშაობს. მიღებული ინფორმაციით, დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ და დღეს არაერთხელ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ჩვენი მოთხოვნაა ამ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, ჩემი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მიაწოდეს ინფორმაცია ყველა ღონისძიების შესახებ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი დრო, თუ როდის დატოვებენ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს უცნობია.
„ზუსტად არ ვიცით, როდის დატოვებენ ისინი ცხინვალის იზოლატორს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ პროცედურები უნდა ჩაატარონ, რომელთა ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვცნობთ, მაგრამ ესაა მოლოდინი. ოჯახის წევრებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან არის ეკლესია, სადაც იმყოფებოდნენ და სწორედ ასეთ ვითარებაში აიყვანეს ჩვენი მოქალაქეები. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ადამიანები ეკლესიაში რატომ მიდიან კარგად ვიცით და სავალალო და სამწუხაროა, ასევე ბევრის მთქმელია, რომ ასეთ ვითარებაში, ეკლესიაში ხდება ხალხის დაკავება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს . დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დღეს დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.