ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ადამიანების უკანონო დაკავების მახინჯს პრაქტიკას განაგრძობს
საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯს პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯს პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება. ამჯერად, განმუხურის მაცხოვრებლებს ეხება საქმე. დასტურდება ინფორმაცია ორი მამაკაცის, 1951 წელს დაბადებული პირების დაკავების თაობაზე. ამ ეტაპზე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და, რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტები გააქტიურებულია, რათა მათი გათავისუფლება მოხერხდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილია და მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე.
„პარტნიორებთან არის კომუნიკაცია. ევროსაბჭოს წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარების შესახებ გარკვეული პერიოდულობით აგროვებენ ინფორმაციას. სამწუხაროდ, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე ადგილზე მიიღონ ინფორმაცია მოსახლეობისგან. თუმცა მნიშვნელოვანი რესურსი და წყაროა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებები, მათ შორის ამ ნაწილშიც, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას. გაცილებით მეტად ზარალდებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაკავებულთა 80-90 პროცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები არიან, ქართველებიც, მაგრამ ასევე ოსები და აფხაზები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. გაიტაცეს.