ქეთევან ციხელაშვილი - პარადოქსულია, რომ საერთოდ განიხილება ასადის ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა ჩავარდა. ამის შესახებ ციხელაშვილმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შესაძლო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
„არა სირიის, არამედ ასადის რეჟიმის მხრიდან მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება – ასადის კრიმინალური რეჟიმის მიერ, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკის მცდელობა ჩავარდა. რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკა ამის პარალელურად ძალიან მყარია და საქართველოს ხელისუფლება, ქართული დიპლომატია ამ მიმართულებით მუშაობს ახლაც და გააგრძელებს მომავალშიც აქტიურ ძალისხმევას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, პარადოქსულია, რომ საერთოდ განიხილება ასადის ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტი.
„ალბათ, მაინც პარადოქსულია, რომ საერთოდ განიხილება საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე ასადის ვიზიტი იმ პირობებში, როცა ცივილიზებულ სამყაროს და ევროკავშირს, მათ შორის, ახლახან გახანგრძლივებული აქვს სანქციები უშუალოდ ასადის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. ზუსტად ვიცი, რომ ეს არ ქმნის კმაყოფილების საფუძველს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადი ცხინვალს ესტუმრება.