ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანურიც არის
განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ ქალის დაკავების ფაქტი, რადგან ეს არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანურიც არის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ეს ფაქტი, რადგან არა მხოლოდ არასამართლებრივი, ასევე არაადამიანურია, როდესაც საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარ კარ-მიდამოს ნაკვეთში დააკავეს. ეს ნაკვეთი მავთულხლართებით ფაქტობრივად, გახლეჩილია. გუშინ ჩემი აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ოჯახთან და ადგილიც ნახეს, სადაც უკანონოდ დააკავეს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვმუშაობთ ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში, ყველა არხის ამოქმედებით, რომ ეს ქალბატონი გათავისუფლდეს, მიუხედავად იმ ერთი წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ ხურვალეთთან მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.
„ცხელი ხაზით მუშაობა მიმდინარეობს ასევე სხვა კომუნიკაციითაც, რათა პირველ რიგში, ამ ადამიანის მდგომარეობაა ძალიან საინტერესო. ჩვენ გუშინ ჩავრთეთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და მას ოჯახთან ექნება კომუნიკაცია მისი შესაბამისი წესების მიხედვით. ბუნებრივია, ვერანაირ ბრალდებებზე ვერ ვისაუბრებთ, როცა ადამიანს ფაქტობრივად, საკუთარ სახლში აკავებენ. მას ცხვირწინ მავთულხლართი აქვს და ფაქტობრივად, ეს არის აღიარება, განაჩენი, რადგან თუ საუბარია, რომ ოსებსა და ქართველებს ორივე მხარეს გადაადგილება აინტერესებთ და ამას ხელოვნურად მავთულხლართებით ზღუდავენ, მგონი, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა ხასიათი აქვს ამ რეჟიმს და რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“ (RCT/EMPATHY) საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ჩვენი ბენეფიციარი ოჯახის წევრია.