ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-ს ელჩებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკის მიმართ
ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-ს ელჩებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკის მიმართ

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პირველ არხთან ნატო- საქართველოს კომისიის სხდომას აფასებს. ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

„ვისაუბრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც ოკუპაციის პირობებში ადამიანები 10 წელია აწყდებიან, იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს და ცდილობს გააღრმავოს დაშორიშორება ადგილზე საზოგადოებაში.

ძალიან დიდი დრო და ყურადღება დაეთმო ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბარს. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური მხარდაჭერა მატერიალიზებული იქნეს.

ნატო-ს დელეგატებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და რაციონალური გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველომ მიიღო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა, არამედ იმ ფუნდამენტის მხარდაჭერა, რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო. დაუშვებელია, რომ რუსეთმა ადამიანების ნების გარეშე შეცვალოს ეს ფუნდამენტი. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთიანი ამ მშვიდობიან ძალისხმევაში. გათვითცნობიერდნენ დეტალებში. აღინიშნა, რომ მსოფლიოს ისტორიაში არაერთხელ და ამ შემთხვევაშიც აუცილებლად ეს ხელოვნური ბარიკადები დაიშლება, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ბუნების ელემენტარულ ნორმას.

არ შეიძლება, რომ მავთულხლართები სამუდამოდ აცილებდეს ადამიანებს, მეზობლებს ერთმანეთს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადავაადგილდებით ევროკავშირში, როდესაც მეზობლები ერთმანეთს ხელს ვერ ართმევენ სოფლებში მაგალითად, ზარდიაანთკარი და ხურვალეთი. ელჩებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ეს აუცილებლად დაიშლება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

​მისივე თქმით, სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას ტრაგედიაზეც ისაუბრეს.

„ვისაუბრე ტატუნაშვილის უმძიმეს ტრაგედიაზე და აღვნიშნე, რომ ეს არ არის გამონაკლისი და არის ყველაზე მძიმე გამოვლინება თუ რას ნიშნავს განგრძობითი ოკუპაცია. ვისაუბრეთ ოთხოზორიაზე. მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ასეთი ქმედებები არ არის მიმართული რომელიმე ერთი ოჯახის ან კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ.

ეს არის პირდაპირი მოქმედებები, რომლებიც გათვლილია დაძაბულობის ესკალაციაზე. ნატო-ს ელჩებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკის მიმართ, რომელიც არ არის კონფრონტაციული. ისინი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტის მოგვარების საკითხი უნდა იდგეს ძალიან მაღლა დღის წესრიგში ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთთან კომუნიკაციაში“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.