ქეთევან ციხელაშვილი - მთავრობისთვის დევნილების საკითხი პრიორიტეტულია და ყველა შესაბამისი უწყების მუშაობა ეფექტურად გაგრძელდება
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ამოცანაა, სამშვიდობო პოლიტიკისთვის ბიძგი მისაცემად და ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის დიდი პოლიტიკური კაპიტალიზაცია მოახდინოს.
როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა განუცხადა, ქართული მხარის მთავარი ამოცანა ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება და ერთიანი ევროპული მომავლისკენ სწრაფვაა.
„ჩვენი პოლიტიკის – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელების ძალიან ინტენსიურ ფაზაში ვიმყოფებით. ამ ინიციატივას ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მათ შორის გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ახლახანს ევროპარლამენტმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა რეზოლუციებში ხაზგასმით აღნიშნეს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის დევნილების საკითხი პრიორიტეტული იქნება და მომავალში, ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მუშაობა ეფექტურად გაგრძელდება, რათა მათი სოციალური და ეკონომიკური დახმარება უზრუნველყოფილი იყოს.
„მათი დაბრუნების რეალიზებისთვის მშვიდობიან ბრძოლას გავაგრძელებთ”, – დასძინა ციხელაშვილმა.