ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულის განცხადებაში მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა
ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულის განცხადება არის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს და მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია საქართველოში იმ პრობლემებზე, რომელიც იქმნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად.
„განსაკუთრებით გამოხატავენ წუხილს ადამიანური რესურსების გაუარესების გამო. ამ დოკუმენტში ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ხუთეული, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი თავმჯდომარეები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობას და იმ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას, რასაც ისინი ასრულებენ ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
ელჩის თქმით, საქართველოსთვის პოლიტიკურ დოკუმენტში ასეთი ჩანაწერის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ეუთო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 57 წევრი სახელმწიფოს თანხმობით უნდა გადიოდეს დოკუმენტები. თუმცა საკითხებზე, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინაზე უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს რუსეთის ფედერაცია და სწორედ, თავმჯდომარეებმა ასეთი დოკუმენტით გამოხატეს მათი ერთგულება.
ვფიქრობ, ეს მინისტერიალი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. ეს არის მკაფიოდ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, ის, რომ საქართველო არის დღის წესრიგში და არა მხოლოდ დღის წესრიგში, არამედ საქართველოს მიმართ ყურადღება არის ძალიან მაღალი“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული.