ქეთევან ციხელაშვილი - ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს არ უნდა შეექმნათ ხელოვნური ბარიერები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, ცხინვალის ე.წ. ციხიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ. ამასთან, დაღუპულის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს დაუყოვნებლივ.
„უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების შესახებ კომუნიკაცია მიმდინარეობს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართულობით. ჩვენ გვქონდა პირობა იმის თაობაზე, რომ ეს პირები იქნებოდნენ გადმოცემული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს გახლავთ ამოცანა. ამ ეტაპისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ისინი ახალგორში იმყოფებიან.
მოთხოვნა გახლავთ, რომ ისინი მოხვდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და არ შეექმნათ დამატებით რაიმე ხელოვნური ბარიერები, რადგან ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქმედება და იმ პირობის საწინააღმდეგო, რომელიც იყო ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან. საუბარია, რომ დაღუპულის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს დაუყოვნებლივ და სხვადასხვა კომუნიკაციაში იყო მათი მხრიდან დაპირება, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა.
თუ გადმოსვლა ვერ მოხდება კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საქმე გვაქვს ამ პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებასთან, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნასთან და ახლა ჟენევის თანათავმჯდომარეებიც ჩართული არიან, რომ ესეთი ბარიერები არ შეიქმნას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილიდა იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.