ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილისგან საყვედურსა და ხელის გამოშვერას ვერ მივიღებ, – ასეთი განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო მინისტრს მოუსმინეს.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კვარაცხელია არის როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, ასევე იმ პოლიტიკის მსხვერპლი, რომელსაც ხელისუფლება მეშვიდე წელია, რუსეთთან მიმართებით ატარებს.
სალომე სამადაშვილმა ქეთევან ციხელაშვილს მიმართა კითხვით, შეუძლია თუ არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს სტატისტიკის წარმოება, კერძოდ, რამდენ ადამიანს იტაცებენ და აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებიდან.
„დღემდე რუსეთს არც ერთხელ არ გადაუხდია არანაირი პოლიტიკური ფასი არც ერთ მსგავს მკვლელობაზე და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობები გრძელდება. თქვენი სტატისტიკა ძალიან განსხვავდება რუსეთის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკისგან. მაგალითად, 2016 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ 3 000 ადამიანი დააკავეს. თქვენი მონაცემებით, 193. 2017 წელს რუსეთის სტატისტიკით დააკავეს 1 000 ადამიანი, თქვენი სტატისტიკის თანახმად 52“, – მიმართა სამადაშვილმა ციხელაშვილს.
თავის მხრივ, ციხელაშვილმა უპასუხა სამადაშვილს და განაცხადა, რომ სტატისტიკას სახელმწიფო უწყებები აწარმოებენ. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტატისტიკას არ აწარმოებს.
„რამდენჯერმე ვთქვი, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის მცდელობისას უფრო მეტ ადამიანს აკავებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. სტატისტიკა, რომელიც აქვს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ეხება კონტროლირებადი ტერიტორიიდან საოკუპაციო ხაზის კვეთის დროს დაკავებებს და თქვენ რაც მოიყვანეთ, ერთ-ერთ ბოლო წელს იყო. მაგალითად, 100 ჩვენი მონაცემებით იყო, რუსეთის მონაცემებით კი, ცხინვალის მიმართულებით 550-მდე იყო. იგივე ეხება აფხაზეთს. გიდასტურებთ 3 000-ს და რომ ჩვენი მონაცემები იყო სხვა. საუბედუროდ, იზრდება იმ ადამიანთა დაკავებების რიცხვი, რომლებიც თქვენ მიერ მოძიებულ რუსულ სტატისტიკაში ხვდება. განსხვავება რუსულ მონაცემებსა და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს შორის სწორედ არის იმ ადამიანების მეტობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცდილობენ შემოსვლას კონტროლირებად ტერიტორიაზე. აი ეს არის განსხვავების არსი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, როგორც ციხელაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმი 10 წელია, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ვერც გავიზიარებ და არც მიმაჩნია მისაღებად სალომე სამადაშვილის მიერ ასეთი მძიმე თემებით სპეკულირება, მიუხედავად იმისა, რომ მესმის თქვენ ოპოზიცია ბრძანდებით. თითის გამოშვერა და ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც მოხდა ან რაც შეიძლება ხდებოდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თვალსაზრისით, არ მიმაჩნია მისაღებად. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მე-11 წელია ხორციელდება. თუ არ ვცდები, თქვენი პოლიტიკური ძალა ბრძანდებოდა მაშინ ხელისუფლებაში, ამიტომ ხელისუფლებისკენ და პოლიტიკისკენ ხელის გამოშვერას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
რაც შეეხება სტრატეგიას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ხორციელდება პრინციპული დეოკუპაციისა და ომის არიდების პოლიტიკა.
„თუ ვიღაცას ეს მაამებლობაში ერევა, ვფიქრობ, ჩვენი პრობლემა არ არის, არის მისი ანალიზის პრობლემა. ომის არიდების პოლიტიკა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების პოლიტიკაა. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკა. 23 პროცენტი ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულია, 100-ზე მეტ კილომეტრზე მავთულხლართები გვაქვს, 62 სოფელზე ვსაუბრობ, რომელიც ამ მავთულხლართებით არის გაყოფილი. 14 ათასი ოჯახი ყოველდღე უყურებს მათ და 100-ზე მეტ სამხედრო წრთვნას ისმენს წელიწადში. ეს არ არის ის ვითარება, რომელიც არის ნორმალური. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ვერ იქნება იმ სახელმწიფოსთან ნორმალიზებული, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებს. ფაქტობრივად, გვაქვს ომის არიდების პოლიტიკა, რომელიც ერთადერთი სწორი პოლიტიკაა, რათა ქვეყანა არჩეული კურსით წინ წავიდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. მომხდარზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.