ქეთევან ციხელაშვილი - ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს
მინდა, მადლიერება გამოვხატო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ ევროკავშირის ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერის გამო, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება წარმატებით მოახერხა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარდაჭერა სჭირდება, რაც ტუსკის განცხადებაში ნათლად ჩანს.
„ამ ინიციატივას უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-ს სახელმწიფოთა მეთაურებმა ასევე ცალსახად დაუჭირეს მხარი. თქვენ იცით, პარლამენტმა დაამტკიცა ამ ინიციატივასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ძალიან ბევრი ახალი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება, რათა პირველ რიგში, ვიზრუნოთ კონფლიქტით და ოკუპაციით დაზარალებულ ადამიანებზე. 10 წელი გადის რუსეთ-საქართველოს ომიდან და დღეს შექმნილი ვითარება, დინამიკა, რომელიც 10 წლის განმავლობაში არსებობს, ეს არის მავთულხლართების პოლიტიკა. ეს არის ყველას წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. ადამიანები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან განსაკუთრებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბრიუსელში პრემიერ-მნისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.