დონალდ ტუსკი - ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის

ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის თქმით, 10 წელი გადის რუსეთ-საქართველოს ომიდან და სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებას მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და წარმატებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, რომ გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს მისცემს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.