ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „წითელ ჯვარს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩაინიშნა ელჩებთან შეხვედრა, რათა პარტნიორებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მაია ოთინაშვილის დაკავების შემზარავი ფაქტის შესახებ. ასეთი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხთან საგარეო უწყებაში შეხვედრამდე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი აქტიურად ეფექტურად იყოს გამოყენებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად. მას სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები. ეს შემთხვევა ამითაც არის განსაკუთრებულად საგანგაშო. დღემდე არ არის შესაძლებლობა, მიუხედავად უამრავი მოთხოვნისა, რომ ოჯახის წევრებმა, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეძლონ ტელეფონზე გასაუბრება, მონახულება. ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ამ ქალბატონის გათავისუფლება. ეს არის ის ჭირი და უბედურება, რაც გვჭირს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს არის ოკუპაცია და მდგომარეობა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდა ქალი დიდი ხნით დაეტოვებინათ იზოლატორში.
„ჩვენ ცხელი ხაზით კომუნიკაციას ვააქტიურებთ კიდევ ერთხელ. ოჯახმა მიმართა წითელ ჯვარს, მას აქვს ძალიან კონკრეტული ჰუმანიტარული მანდატი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მათ დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა მიეცემათ“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო მისიებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის დაკავება იყო.