ქეთევან ციხელაშვილი - არც ოსებს, არც ქართველებს, არც აფხაზებს არ შეიძლება მოსწონდეთ, რომ ადამიანები უკანონობასა და კრიმინალს ეწირებიან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გამოხატულ სანქციებს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომ სრულიად მიუღებელია და უკანონოა ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მით უფრო, სიცოცხლის ხელყოფა ხდება იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები დაუსჯელები არიან. გარდა იმისა, რომ ასეთი ფაქტები მოხდა, კრიმინალები, რომელთაც ეროვნება არ გააჩნიათ, დღემდე დაუსჯელები არიან. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ამოცანაა, მსგავსი უკანონობის პრევენცია მოხდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, არც ერთ, პირობითად მხარეს, არც ოსებს, არც ქართველებს, არც აფხაზებს არ შეიძლება მოსწონდეთ, რომ ადამიანები ეწირებიან უკანონობასა და კრიმინალს. ქართული მხარის პოზიცია იქნება შეურიგებელი ასეთი ფაქტების მიმართ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. ასამბლეამ კენჭი უყარა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციასთან დაკავშირებულ შესწორებას, რომლითაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მიემხრო.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და ოთოხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, რომელიც სანქციებს აწესებს დამნაშავეებზე და იმ პერსონებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს“, – ნათქვამია ტექსტში.