ქეთევან ციხელაშვილი - ევროპის საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება არის გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკაში წარმატებულები ვიქნებით
ქეთევან ციხელაშვილი - ევროპის საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება არის გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკაში წარმატებულები ვიქნებით

ეს იყო კონკრეტული, მკაფიო გზავნილების შემცველი გადაწყვეტილება, რომლითაც ევროსაბჭომ ძალიან მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებას საკითხზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“.

„მადლობა უნდა გადავუხადო ევროსაბჭოს კომიტეტს ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან ეს არის არა მხოლოდ მკაფიო და მყარი მხარდაჭერა, არამედ გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკაში წარმატებულები ვიქნებით. პარტნიორების მხრიდან ამ პოზიციების ერთობლიობა და მუდმივობა უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ძალისმიერი პოლიტიკა წარუმატებელი იქნება და მას პერსპექტივა არ გააჩნია,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროსაბჭოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი კვლავ აფერხებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს, ხელყოფს რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და აგრძელებს სამხედრო ძალით ყოფნას საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობითვე, დოკუმენტში ყველა მიმდინარე დარღვევა ხაზგასმულია და გამოხატულია პოზიცია, რომ ეს ევროსაბჭოსათვის აბსოლუტურად მიუღებელია. საუბარია ოკუპაციაზე, სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გალსა და ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევისა და დევნილების დაბრუნების უფლების ხელყოფაზე. ასევე, რუსეთის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

დოკუმენტში აგრეთვე საუბარია სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ქვეპროგრამები ადამიანებისთვის, მათი კეთილდღეობისათვის და სამომავლოდ ნდობის მშენებლობისა და დიალოგისთვის.