ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტარებთან არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს განიხილავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებს ხვდება.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პარლამენტის სესიაზე დამტკიცდა და, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.
„სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უკვე აქვს ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ევროპარლამენტი მუშაობს, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე, არსებულ სიტუაციაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ევროპარლამენტარები თავად აპირებენ, მოინახულონ ასევე ზუგდიდის მიმართულებით ხელოვნური გამყოფი ხაზი. ასეთი ინფორმირებით იქნება შესაძლებელი, რომ რეზოლუციაში ობიექტურად აისახოს არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს განიხილავს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შექმნილ ვითარებაზე და მთელს ამ სიმძიმეზე, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს სიმძიმე გამოვლინდა ყველაზე ტრაგიკულად სწორედ მაშინ, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის დაკავება უკანონოდ, მისი სიცოცხლის ხელყოფა, 26 დღის განმავლობაში ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება. ეს არის ზუსტად ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს და რაც აჩვენებს, რომ ვითარება არ არის გაყინული, არ არის სტატიკური. ეს ქმნის ყოველდღიურ გამოწვევებს ადამიანებისთვის. მათი სიცოცხლისთვის, უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.