ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული სიტუაცია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, – ამ და სხვა თემებზე შედგა საუბარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შორის შეხვედრაზე.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის მისი გზავნილი, რომ ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს.
„მოგეხსენებათ, ეუთო-ს განსაკუთრებული როლი აქვს. იგი ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეა, ჩართულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სადაც დღეს სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ცხადია, მე მას მიმდინარე გამოწვევებზე ვესაუბრე, სადაც ძალიან კრიტიკული და აქტიური რეაგირება და მოქმედებაა საჭირო.
ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის სიმწვავეზე. ეუთო ის ორგანიზაციაა, რომლის წევრიცაა რუსეთი. შესაბამისად, არსებობს ბერკეტები, რომლითაც გარკვეული ზეწოლის მოხდენა შესაძლებელია, რათა ამგვარი ბრუტალური მოქმედებით არ ხდებოდეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობის ყოველდღიურობისთვის ისეთი გამოწვევების შექმნა, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და ა.შ. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რადგან მათ მიმართ, სწორედ ეთნიკურობიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული პოლიტიკა მიმდინარეობს. მინისტრის მხრიდან მოვისმინე სურვილი, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო კიდევ უფრო გააქტიურდეს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, სადაც თითოეული პარტნიორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„ვისაუბრეთ ამ პროექტის სხვადასხვა ასპექტზე. იგი, საბოლოო ჯამში, იქითკენაა მიმართული, რომ ერთობლივი ძალისხმევით ადამიანების ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ და გავზარდოთ ნდობა მათ შორის, ვინც დღეს მავთულხლართებითაა დაშორიშორებული“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.