ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა
ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ღონისძიებაზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას დისკუსია შემდეგ თემებზე წარიმართა: ეთნიკური უმცირესობები გადაწყვეტილების მიღების პროცესში – საკითხის აქტუალობა, არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები, სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უწყებათაშორისი კომისია სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე და მას ამ მიმართულებით საინტერესო შედეგები აქვს.

„დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ – როგორ გავაძლიეროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს, პირველ რიგში, თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მათი უნარების გაძლიერებას, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას გულისხმობს.

“რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, მაგრამ ამავდროულად იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგა. მაგალითად ის, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები ამოქმედდა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის დაგეგმვაში, დასვას კითხვები და გამოხატოს მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

„ასევე, დაახლოებით წელიწადნახევარის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც „1+4 საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. მათთვის ყველა სახელმწიფო უწყების კარი ღიაა, რათა თავიანთი უნარ-ჩვევები გაიძლიერონ, აიმაღლონ კომპეტენცია, მიიღონ გამოცდილება და პროფესიულ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებაზე აუდიტორიას აგრეთვე მიესალმნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.

ღონისძიების ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).