ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას
სამედიცინო დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ მიზანმიმართულად გამოყენებული იყო ძალა და ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ფაქტობრივად, ეს იყო წამება, რასაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაბამის კვალიფიკაციას გამოძიება მისცემს,
„თავიდანვე ცალსახა იყო, რომ ტატუნაშვილის უკანონო პატიმრობის დროს მოხდა მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა. ექსპერტიზამ აღწერა ყველა დაზიანება სხეულზე და ამ დაზიანებების მრავლობითობა იძლევა ცალსახა სურათს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, ჩვენი მხრიდან ექსპერტიზა ტარდება იმ შესაძლებლობებით, რომელიც არის. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს, აღნიშნული საკითხი ჩვენი მხრიდან კვლავაც იქნება დაყენებული ერგნეთის შეხვედრაზე. ასევე, არსებობს გეგმა, რომ ამ უმძიმეს საკითხზე იქნას სარჩელი შეტანილი, რაზეც უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას და იმ ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომელიც უკვე ათი წელია ექსკლუზიურად აკონტროლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია. სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.