ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. გადასასვლელი პუნქტების სრულად გახსნა არის უმთავრესი პრიორიტეტი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან გუშინ გახსნილ გადმოსასვლელზე რამოდენიმე მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელსაც ადამიანები გადმოჰყავს.
„რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ძირითადად, ესენი არიან პენსიონრები, რომლებისთვისაც ერთადერთი შემოსავალი ის პენსიაა, რომელსაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ანაღდებენ. თუმცა, მოსახლეობა მთლიანად მოწყვლადია. ახალგორში არიან ადამიანები, ვისაც სჭირდება სამედიცინო გამოკვლევები, აქვთ ქრონიკული დაავადებები და სჭირდებათ მუდმივი ზედამხედველობა. მათ აუცილებლად სჭირდებათ გადმოსვლა, აბსოლუტურად ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაადგილება. ამიტომ, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების სრულად გახსნა არის უმთავრესი პრიორიტეტი“, – აცხადებს ციხელაშვილი.
რაც შეეხება თამარ გიგაურის მდგომარეობას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება სჭირდება, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ იანვარში რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი უშუალოდ მის გადმოყვანასთან დაკავშირებით.
„გარწმუნებთ, რომ არ გაჩერდება ჩვენი ძალისხმევა, კიდევ გააქტიურდება. მართლაც გასაოცარია პრინციპული სიჯიუტე, რომელსაც იჩენს ამ შემთხვევაში საოკუპაციო რეჟიმი ამ ქალბატონთან მიმართებით, რომელსაც სჭირდება საფუძვლიანი გამოკვლევა და ამის შესაძლებლობა არ აქვს. ამ ქალბატონს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადმოვიდეს“, – აცხადებს ციხელაშვილი.
საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა.