ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი პოლიტიკა იქნება უცვლელი, მშვიდობასა და შერიგებას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის უსაფრთხოება ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენები საყურადღებოა სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის უსაფრთხოება. როგორც ჩანს, ეს მოვლენები ცოტა უფრო გრძელვადიან პროცესში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ვერანაირი პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობაზე, მაგრამ თავისთავად განვითარებები საყურადღებოა ჩვენთვის სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქ ძირითადად ორი რამ იგულისხმება – მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით გალის მოსახლეობის, რომელიც არაერთხელ გამხდარა ე.წ. შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვერპლი. მათი უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა. მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესში ნდობის მშენებლობისა და ჩვენი შერიგების პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისითაც. ჩვენი პოლიტიკა ყველა შემთხვევაში იქნება უცვლელი, რადგან მშვიდობასა და შერიგებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ასევე, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის დახმარებაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული არ შეიცვლება. განვახორციელეთ არაერთი სამშვიდობო ინიციატივა და იცით, რომ ბარიკადებისა და მავთულხლართების მიუხედავად მაინც მუშაობს.
ვფიქრობ, როცა ვამბობთ, რომ მშვიდობა და შერიგება უალტერნატივოა, ეს პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების ინტერესში შედის, რადგან ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე კარგად აცნობიერებენ, რომ არსებული მდგომარეობა არანაირად არ პასუხობს სწორედ აფხაზური საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ.