ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, არასდროს განმეორდეს, რაც 2008 წელს ხდებოდა, ამავდროულად გვსურს, ვიყოთ საერთაშორისო დღის წესრიგში
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას გახსნის, რომელიც მთლიანად კონფლიქტების თემას დაეთმობა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხს განუცხადა, კომისიის სხდომის დაწყებამდე, გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდება.
„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ეთმობა კონფლიქტის საკითხს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო იმ კონტექსტში, რომ რუსეთის აგრესიიდან და აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. მაღალი ინტერესია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.
მე ვაპირებ, რომ სხდომაზე გავამახვილო ყურადღება ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებზე, რომლებსაც სჭირდება კონსოლიდირებული საერთაშორისო პასუხი, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უმძიმესი ტრაგედია და ტატუნაშვილის არაადამიანური წამებით მკვლელობა, მიმდინარე გამოძიება, საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში არსებული ყოველდღიური დარღვევები, უკანონო დაკავებები, მოსახლეობის საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ამ პრობლემების მიმოხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ინფორმირებული მხარდაჭერა გააგრძელონ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის და საერთო ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ნატო, როგორც ორგანიზაცია და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, უკვე ორმხრივ რეჟიმში, მუდმივად მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას და მის სხვადასხვა ასპექტს.
„სრულიად გაზიარებულია ინიციატივის ამოცანები. ჩვენ მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-ს მეთაურების კომუნიკეში, როდესაც ცალსახად ხაზი გაესვა იმას, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ახალი ნაბიჯები. ახლა ჩვენ ვართ იმპლემენტაციის ფაზაზე და ვამუშავებთ სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ, ფინანსურ და საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიმყოფებით ნეიტრალურ გარემოში. სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით რუსულ ოკუპაციაში, რომელსაც თან ახლავს ძალიან ბევრი შეზღუდვა და ბარიკადი, რაც მიმართულია ხალხთა შორის კონტაქტის ჩაკეტვისკენ.
ველოდები კონკრეტული საკითხების და თემების დეტალურ განხილვას. ჩვენი ამოცანაა ეს ერთსულოვანი და მკაფიო მხარდაჭერა გადავთარგმნოთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებად და გავწეროთ კონკრეტული ნაბიჯები. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება ხალხთა შორის კონტაქტი, დაინტერესება ერთმანეთთან ურთიერთობით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, რომ მზარდ კონტაქტებს თან ახლავს მზარდი ბარიკადები.
ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში ეს საკითხები აქტუალური იყოს და გვქონდეს საერთო პლატფორმა. ეს ემსახურება მშვიდობას, ადამიანთა კეთილდღეობას და საბოლოო ჯამში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მდგრადი სტაბილურობა რეგიონში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, კიდევ ერთხელ დაანახოს პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ინვესტირება მშვიდობაში.
„ეს არის ძალიან მატერიალური ინვესტიცია. ამას აქვს ძალიან ხანგრძლივი და პოზიტიური მოქმედების შესაძლებლობა და პოტენციალი. ის რომ დღეს ჩვენ არ ვართ ომის ცხელი სურათებით საერთაშორისო მედიაში, არის ძალიან კარგი და ეს არის ყოველდღიური შრომის შედეგი. ჩვენი ამოცანაა, არასდროს განმეორდეს ის, რაც 2008 წელს ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩემი ვიზიტი და კომისიის სხდომა ამას ემსახურება. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. პრობლემა არის ძალიან ცოცხალი, ძალიან აქტიური, მაგრამ არსებობს ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.