ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება უნდა
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა, შეგვიძლია და გვაქვს ამის სრული მზაობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე სომხური ჯვრის დადგმის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა.
„როცა ვსაუბრობ, რომ არის გარკვეული მცდელობები, მაგალითად მთიანი ყარაბახის კონფლიქტის შემოტანის შიდა ურთიერთობებში და გარკვეულწილად ამ საკითხით მანიპულირების, მათ შორის ვგულისხმობ ამ ამბავსაც. ეს არც ისე ახალი ამბავია, რადგან ვიცით, რომ ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა. რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს და რა ფორმითაც, ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ რაიმე ლეგიტიმურ, ან პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში. ამ თემის შემოტანა ნებისმიერი ფორმით არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა, შეგვიძლია და გვაქვს ამის სრული მზაობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები გუშინ ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე დადგამენ სომხურ ჯვარს – ხაჩკარს, რომელიც სომეხი და ოსი ხალხის სიმბოლო იქნება.