ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება აუცილებელი ნაბიჯია
აუცილებელი ნაბიჯი, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, იმისთვის რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ინტერპოლის წითელი ცირკულარი ასევე გამოიყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაშიც, რომლის იდენტიფიცირებაც უკვე მოხდა და ქართულმა სასმართლომ დამნაშავედ ცნო.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, როგორც გიგა ოთხოზორიას, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირები ქვეყანას თუ დატოვებენ, ინტერპოლის წითელი ცირკულარის საშუალებით მათ დააკავებენ.
„ეს აუცილებელი ნაბიჯია, ამიტომაც ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ასევე იყო ოთხოზორიას შემთხვევაშიც, რომლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და ქართულმა სასამართლომ ცნო ბრალდებულად. ამ პირებს, რადგან ინტერპოლის წითელ ცირკულარში მოხვდნენ, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით.