ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არც ამ პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, არც პირველ ტურს, არც მეორე ტურს არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია.
„სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, მსგავსი პროცესები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მკვიდრი მოსახლეობის ნებას, მაშინ როდესაც უმეტესობა იმყოფება დევნილობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც და მეორე კვირის განმავლობაშიც, როცა ჩანიშნულია ეს ე.წ. მეორე ტური, პროცესები წარიმართოს მშვიდობიანად და დაძაბულობის გარეშე, რადგან ჩვენთვის სულ ერთი არ არის აფხაზური საზოგადოების და მოსახლეობის ბედი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.