ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სოფელ თაგილონში დაკავებული მამაკაცის გათავისუფლების საქმეზე სუს-ი მუშაობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სოფელ თაგილონში დაკავებული 1986 წელს დაბადებული მამაკაცის გათავისუფლების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს.
„ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომელიც აფხაზური მხარის მიერ იყო მოწოდებული, ცხელი ხაზი ჩაერთო. ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენთვის ყოველთვის მოთხოვნა და პრიორიტეტი არის ის, რომ პირი რა ე.წ. ბრალდებებითაც არ უნდა იყოს დაკავებული, გათავისუფლდეს. ეს ყველა შემთხვევაში აღიქმება, როგორც უკანონო დაკავება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში 1986 წელს დაბადებული ზ.შ. დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.შ. მიმდინარე წლის აპრილში, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დააკავეს, დაკავებამდე კი თბილისში ცხოვრობდა. ე.წ. აფხაზეთის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზ.შ-ზე ძებნა იყო გამოცხადებული. ზ.შ. 2013 და 2014 წლებში გალის რაიონში მომხდარ ყაჩაღობებში იყო ეჭვმიტანილი.