ქეთევან ჩაჩავა - საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა ქაოსსა და არეულობას იწვევს
ქეთევან ჩაჩავა - საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა ქაოსსა და არეულობას იწვევს

საარჩევნო უბნებზე  ძალიან ხალხმრავლობა ფიქსირდება, რაც ქაოსსა და არეულობას იწვევს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.

არჩევნებს 12 ოლქში „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ 120 წარმომადგენელი აკვირდება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით დაფიქსირდა უბნის გახსნამდე პროცედურული დარღვევები, ასევე მარნეულში, ზუგდიდში და ოზურგეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით, ხოლო წყალტუბოსა და ტყიბულის ოლქში ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ზუგდიდის ოლქში, მეცხრე უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება.

„ამ დროისთვის, ჩვენს მიერ შეფასდა უბნების გახსნის პროცესი და ხმის მიცემის პროცესის დაწყების პირველი რამდენიმე საათი. დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული ხასიათის დარღვევა, თუმცა ადმინისტრაცია სწრაფ რეაგირებას ახდენს ამ დარღვევებზე, რაც მისასალმებელია. დაფიქსირდა წილისყრის არასწორად ჩატარება,  ასევე არაჯეროვნად მიწოდებული მასალების გადანაწილება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რადგან მოხდა გამოსწორება ოლქის ჩართულობის შემდეგ. რაც  ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ძალიან ხალხმრავლობა ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, რაც იწვევს ქაოსსა და არეულობას. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ უზრუნველყონ აქტივისტებისა და წარმომადგენლების მაქსიმალური სიმშვიდე, ვინაიდან ეს ხელს უშლის ამომრჩეველს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, –  განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს საკუთარი საქმიანობა.

დღე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.