ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, ათს კი ეძებენ
მაშველებმა შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ორ ტანკერზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა და დაკარგულთა რიცხვი დააზუსტეს. რუსული მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი და დაკარგულია ათი ადამიანი.
ხანძარი ორ ხომალდზე, „მაესტროსა“ და „კანდიზე“ ქერჩის სრუტის მიმდებარედ გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ.
ორივე ხომალდზე სულ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.