ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე დემოკრატია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში
ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე დემოკრატია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში

გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე დემოკრატია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა და მხარდამჭერებსაც მოუწოდა ბრძოლის გაგრძელებისკენ.

ამასთან, როგორც მედია წერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ოფიციალურად არ უღიარებია დამარცხება.

ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, მიუხედავად ყველა ზეწოლისა, მაინც გაჩნდა ხალხის ნება, რომ ავტორიტარული რეჟიმი შეიცვალოს.

ქილიჩდაროღლუმ საარჩევნო პროცესს წლების განმავლობაში ყველაზე უსამართლო უწოდა.

„სახელმწიფოს ყველა საშუალება ერთი პოლიტიკური პარტიისთვის იყო მობილიზებული“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

თურქეთის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის განცხადებით, მადლობას უხდის ალიანსის ხელმძღვანებელსა და ორგანიზაციებს, ასევე ამომრჩევლებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავდნენ საარჩევნო ყუთებს და ებრძოდნენ „ამორალურ და უკანონო ზეწოლას“.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ხმათა 75 პროცენტის დათვლის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანი 53,41 პროცენტით ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 46,65 აქვს.