საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე ავსტრიის ნაკრები სტუმრად ანგარიშით 64:78 დაამარცხა.
საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს პირველი ორი მატჩი წაგებული ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი ხუთეულით დაიწყო: გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი და აკაკი დვალიშვილი. სტუმრებმა შესანიშნავი სტარტი აიღეს და საწყის ხუთ წუთში მხოლოდ ერთი ქულა ააღებინეს მეტოქეს, სულ კი პირველ მეოთხედში ბრწყინვალე დაცვის წყალობით, 14 ქულით დაწინაურდნენ – 19:5.
მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრების უპირატესობა 21 ქულამდეც კი ავიდა, მაგრამ, თანდათან, ავსტრიელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და სამი მეოთხედის შემდეგ, სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. ამას საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებლის ცინცაძის ტრავმამ შეუწყო ხელი.
ყველაზე კრიტიკული მომენტი მეოთხე მეოთხედის დასაწყისში იყო, როცა ავსტრიამ ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამას მოჰყვა ზუროსის გუნდის სპურტი და კომფორტული უპირატესობით წინ გასვლა – 69:56. სათამაშო რჩებოდა ოთხი წუთი. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ეს მატჩი ისე მოიგო, რომ მეტოქე წინ ერთხელაც არ ყოფილა – 78:64.
ასე რომ, საქართველომ პირველი მატჩი მოიგო ჯგუფში და სამი ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შინ ჩაატარებს.
საქართველო: დიქსონი (23 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა), ბითაძე (12 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა), ბერიშვილი (10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი), ცქიტიშვილი (9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი), დვალიშვილი (8 ქულა, 4 მოხსნა), ფაცაცია (5 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა), ცინცაძე (5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), ბოქოლიშვილი (4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი), ბოისა (2 ქულა, 2 მოხსნა).