ქართველი სამხედროები ჯარებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რაგბის ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გააცილეს. თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს.
ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 17 ივნისს დაიწყება. გამარჯვებისთვის ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იბრძოლებენ.