არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ

არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ ახალ სასადილოში სტუმრები ჯარისკაცის კვებითი მომსახურების პირობებსა და მრავალფეროვან რაციონს გაეცნენ. არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

„სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით მარაგდება. პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კრწანისში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.