ქართველი ქომაგების ზეიმი პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავიანთ პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ.

ქალაქ გელზენკირხენში მიმდინარე მატჩს ქართველი გულშემატკივარები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანების მეშვეობითაც უყურებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების ანგარიში 2:0 გახდა. მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ გამოიყენა და საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.