ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე მიიღეს.
განცხადებაში ავტორები ასევე ეხმაურებიან საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციას და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს.
განცხადება რუსეთის გარდა, ასევე გაეგზავნა ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) წევრთა მიმართვა რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოებას (RAO) და რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (VOIS)
თბილისი, 14 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს, იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციასთან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორმაციას. მათ შორის იმას, რომ რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოებას შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.
გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას და თქვენს ორგანიზაციებს (რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოება, რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არარსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გარდა, ვერავინ შეძლებს, შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
მიმართვა შედგენილია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრებაზე და მას ხელს ვაწერთ ასოციაციის წევრები“, – ნათქვამია ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების ერთობლივ განცხადებაში.