საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია კამპანიას „არა ინტელექტის ოკუპაციას“ იწყებს
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია კამპანიას „არა ინტელექტის ოკუპაციას“ იწყებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აპირებს, სასამართლოს მიმართოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაციის – „საქართველოს უფლების მფლობელთა ასოციაციის” საქართველოში საქმიანობის აკრძალვის მიზნით.

საზოგადოების ინფორმირებისა და რუსული საფრთხის შეკავების მიზნით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია კამპანიას „არა ინტელექტის ოკუპაციას“ იწყებს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ შეხვედრა გამართა და საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხეზე ისაუბრა.

გიგა კობალაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსული საფრთხე ამ სფეროში საკმაოდ რეალური გახდა. საავტორო უფლებების ასოციაციის პრეზიდენტმა აუდიტორიას რუსულ სქემის დეტალები გააცნო და კონკრეტულად ისაუბრა ქართველი ავტორების მოსყიდვის მცდელობაზე.

მისი თქმით, 2017 წელს რუსეთმა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია შექმნა და მასში ხუთი ქვეყანა შეიყვანა, რის შემდეგაც დაიწყო ზეწოლა საქართველოზეც.

გიგა კობალაძის განცხადებით, 2018 წელს საქართველომ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ რუსულ ორგანიზაციას თანამშრომლობასა და გაერთიანებაზე უარი უთხრა, რის შემდეგ, მისი თქმით, დაიწყო პირდაპირ შემოტევა, ავტორების გადაბირება და ცრუ ინფორმაციების გავრცელება. ასოციაცია აპირებს გააგრძელოს აქტიური კომუნიკაცია მის ორგანიზაციაში გაერთიანებულ ავტორებთან.

გიგა კობალაძის განცხადებით, ასოციაცია გააგრძელებს კამპანიას „არა ინტელექტის ოკუპაციას”.

შეხვედრა აუდიტორიასთან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში გაიმართა.