ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთში შესვლის ნებართვა მომავალი კვირიდან გაიცემა
ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთში შესვლის ნებართვვა მომავალი კვირიდან გაიცემა, – ეს განცხადება ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ დიასამიძემ გააკეთა, რომელიც დღეს ტრაილერების მძღოლებთან ერთად საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიხეილ ხმალაძეს შეხვდა.
„შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი. თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ გაირკვა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ნებართვების გაცემა. გარდა ამისა, საბაჟოზე გაიხსნება ნებართვების გამცემი ახალი პუნქტი, რომელიც უფრო სწრაფად გასცემს დოკუმენტაციას. ვფიქრობ, ამ პრობლემაში მოუგვარებელი არაფერია. პრობლემა მეტწილად კომუნიკაციის ნაკლებობამაც შექმნა“, – განაცხადა ზურაბ დიასამიძემ.
ტრაილერების მძღოლები დღეს ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე მძღოლი დახურულ კარს მიღმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. მძღოლები აცხადებენ, რომ ორი კვირაა, ქართველი გადამზიდავებისთვის თურქულმა მხარემ ქვეყანაში შესვლის ნებართვების გაცემა გაურკვეველი მიზეზით შეაჩერა, რის გამოც ისინი თურქეთში შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.