სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს.
წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება.
წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭება, თავისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია.
წერილს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ორგანიზაციის სხვა წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აწერენ ხელს.
ქართველი ექპსერტების ჯგუფის წერილს უცვლელად გთვაზობთ:
„ნატო-ს გენერალურ მდივან ბატონ იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს
პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ხაზი გავუსვათ საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც არაერთ წელს ითვლის. ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, ექსპერტები, ყოფილი დიპლომატები, მკვლევრები და საზოგადოების სხვა წევრები ჩვენი წერილით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნატო-ს წევრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანასა და უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტიას წარმოადგენს, რაც გამყარებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებითა და საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლით.
აღნიშნული მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიზანია ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სტაბილურობის, განვითარების და მშვიდობის ხელშეწყობა, და ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავალის უზრუნველყოფა.
1992 წლიდან საქართველომ დაიწყო ნატო-სთან თანამშრომლობა. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით მთელი რიგი ინიციატივების განხორციელება.
20 წლის წინ, 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ხოლო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობდა, რადგან ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღო პოლიტიკური დაპირება იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება.
ჩვენი ურთიერთობების დინამიური განვითარების შედეგად, დღეს გვაქვს ძალიან პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული ფორმატები, რომლებიც მოიცავენ ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს (SNGP). აღნიშნულმა ინსტრუმენტებმა ქვეყნის ალიანსში წევრობისთვის მომზადების შესაძლებლობები შექმნეს. ბოლო წლებში, ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმების ფარგლებში, განხორციელებული რეფორმებისა და ალიანსის წევრი ქვეყნების სხვადასხვა ტიპის დახმარების საფუძველზე საქართველო უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყნიდან ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობ ქვეყანად იქცა.
სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო. ასევე, საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობა დადასტურებულია არაერთი ოფიციალური საერთაშორისო შეფასებითა და ანგარიშით. 2008 წელს, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ხელყოფით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში შეჭრამ და ქვეყნის 20%-ის ოკუპაციამ, 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და ამჟამად, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიულმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ ყველას დაგვანახა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის რღვევას, საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედითობის ეჭვქვეშ დაყენებას და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენას, რისთვისაც ის ყველა კანონგარეშე მეთოდს იყენებს და უგულებელყოფს ფუნდამენტურ ნორმებს.
ნათელია, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა გახდეს საქართველო, რომელიც მიისწრაფის ალიანსის წევრობისკენ. დღეს, როგორც არასდროს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საჭიროა სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შეჩერდეს ომი უკრაინაში, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილებები რუსეთის შემაკავებელ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რათა მომავალში კრემლმა ვერ შეძლოს აგრესიული მოქმედებების განხორციელება სუვერენული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.
არსებულმა მოცემულობამ კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახადა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი. ამ კონტექსტში საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი უნდა იქცეს გადამწყვეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად. ეს კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და როგორც ევროატლანტიკური, ასევე გლობალური უსაფრთხოების დასაცავად. ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭების, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.
ვფიქრობთ, რომ არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ნატო-ში წევრობა მისი უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში“, – აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე, გენერალ–მაიორი (გადამდგარი), გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი გიორგი ანთაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი აბაშიშვილი, ზვიად კირტავა – მედ. აკად. დოქტორი პროფესორი, მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის მედიცინის და ჯანდაცვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, თორნიკე შარაშენიძე – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მდივანი-ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ვლადიმერ სვანაძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი, ვახტანგ ჭარაია – პროფესორი, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პაატა გაფრინდაშვილი – დირექტორი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე.