ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ულოცავს
ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ულოცავს.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი მიიღო:
„თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ჩემი თანამემამულეების სახელით და პირადად მე გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს.
წელს ეს დღესასწაული თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ, წელს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან.
გერმანია და საქართველო ძალიან დიდი ხანია მეგობრულად და მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რაშიც ასევე წვლილი მიუძღვით გერმანელ ემიგრანტებს, რომლებიც 200 წლის წინ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ.
დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავაგრძელებთ მოღვაწეობას ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში.
ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს საქართველოს წარდგენა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც ეს მოხდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში 2017 წელს.
მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ ცვალებადი ისტორია გაიარა. მოხარული ვარ, რომ თქვენმა ქვეყანამ გასულ წლებში წარმატებით გააგრძელა პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციისა და ევროპასთან დაახლოების გზა.
გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში.
პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას, თავისუფლებას, ერთიანობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.