მომავალი წლიდან ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილებები შედის.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ცვლილება შეეხება შინაარსობრივ ნაწილსაც.
კერძოდ, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტში იცვლება ესეს შეფასების კრიტერიუმი.
მისივე ინფორმაციით, მაქსიმალური ქულა იქნება 24, ნაცვლად 20 ქულისა, რაც ჯამბურიას თქმით, გაზრდის ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრით წილს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ეს კონკრეტული ცვლილება ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
„ქართული ენისა და ლიტერატურის არც მაქსიმალური ქულა არ იცვლება, არც დავალებების ფორმატი და სახე. იცვლება მხოლოდ შეფასების კრიტერიუმები. პირველი დავალება არის ტექსტის რედაქტირება. მიზანი გახლავთ შეცდომის გასწორება. აქ იქნება ცოტა ნაკლები ტექსტის მოცულობა.
ადრე იყო ნახევარი გვერდი, ახლა ოდნავ ნაკლები იქნება. ჩვენი ვარაუდით, ამის შესრულებას ცოტა ნაკლები დრო დასჭირდება”,- განაცხადა ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ.
რაც შეეხება ზოგად უნარებს, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, იცვლება ტექსტის სტრუქტურა.
მათივე ცნობით, ცვლილება მხოლოდ ტექსტის ვერბალურ ნაწილს შეეხება, არ იცვლება საგამოცდო დრო და შეფასების სისტემა.