ქართული სერიალები პირველ არხზე
ქართული სერიალები პირველ არხზე

უყურე პირველ არხსშემოდგომის სეზონზე, პირველად ქართულ ტელესივრცეში, პირველი არხი ორ ქართულ მხატვრულ სერიალს იწყებს.

ახალი პროგრამირება ადგილობრივი წარმოების სერიალს ყოველდღე შესთავაზებს აუდიტორიას. „სიყვარულს მიღმა“, რომელიც მაყურებელმა უკვე გაიცნო, 19 სექტემბერს მეორე სეზონით დაბრუნდება ეთერში. საერთაშორისო ფორმატის ქართული ადაპტაცია „ო-ჯახი“  კი, 21 სექტემბრიდან დაიწყება.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მხატვრულ/დოკუმენტურ ფილმებს და სერიალებს სთავაზობს, რომლებიც სპეციალურად შექმნილ მატრიცაზე დაყრდნობით ირჩევა. ასევე, ვითვალისწინებთ არა მხოლოდ პროდუქციის პოპულარობას, არამედ ღირებულებებსა და მრავალფეროვნებას.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ეს კიდევ ერთი ინვესტიციაა, რომელიც ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის ხორციელდება. გასულ წელს, 11 კომპანიასთან თანამშრომლობით კონტრიბუციამ რვა მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მხატვრული და დოკუმენტური პროდუქტის კოპროდუქციაში მაუწყებელმა ნახევარი მილიონი დახარჯა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვს საერთაშორისო მასშტაბის მწარმოებლებთან: The Walt Disney Company, 20 Century Fox, Lucasfilm, Marvel Studios, Arte France, Rai Com S.P.A. და ა.შ. ჩვენ მაყურებელს უკვე შევთავაზეთ HBO-ს ცნობილი დრამის In treatment-ის და RAI Uno-ს სიტკომის Una mamma imperfetta-ს ქართული ადაპტაცია. ორივე პროდუქტმა და მათმა პერსონაჟებმა საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სულ მალე სერიალი „ო-ჯახი“ ქართველი მაყურებლის რჩეულიც გახდება“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

სერიალი „ო-ჯახი“ სკეჩების კრებულია, რომელიც ერთი სიუჟეტით არის გაერთიანებული. ცოლ-ქმრის ვიზიტები ფსიქოთერაპევტთან, თითოეულ სერიაშია გაცოცხლებული. პერსონაჟებში ყველა ოჯახმა შეიძლება, იცნოს საკუთარი თავი. სერიალში ცხრა ძირითადი პერსონაჟია. მათ როლებს ცნობილი ქართველი მსახიობები – გოგა ბარბაქაძე, ანა ამილახვარი, დარეჯან ხარშილაძე და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ.

სერიალი „სიყვარულს მიღმა“, რომელიც ორი ოჯახის ამბავს და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს, საინტერესო, ამაღელვებელი სეზონით და მაყურებლისთვის უკვე საყვარელი საუნდტრეკის ქართული ადაპტაციით ბრუნდება, რომლის ტექსტზეც ირინა სანიკიძემ იმუშავა. სერიალი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 22:00-ზე გავა ეთერში.

პირველი არხის ახალმა სამაუწყებლო სეზონმა პირველ სექტემბერს აიღო სტარტი. დიდი სპორტი არხზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. განახლებული ვიზუალური იდენტობა და მაღალი ხარისხის, ქართული წარმოების, საინტერესო გადაცემებისგან შემდგარი საეთერო ბადე საზოგადოების ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი.