ქართული სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან 
ქართული სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან 

ქართული სამშენებლო კომპანიები დადებითად აფასებენ და მიესალმებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაციის წინასწარ მიწოდებას ითვალისწინებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, 15ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს.

მათივე ინფორმაციით, ტენდერების ჯამური ღირებულება 185 მილიონ ლარს აღემატება.

დეტალური ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მიაწოდეს.

„ამ ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან უშუალო კომუნიკაციის და კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვის საშუალება. ჩვენ ბევრ პროექტში, მათ შორის – საერთაშორისო პროექტებში ვართ ჩართული და ძალიან კარგია, რომ შეგვიძლია ყველა პრობლემურ საკითხზე ოპერატიულად მივიღოთ განმარტებები და ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები“ – განაცხადა კომპანია „ბორან მაინინგის” დამფუძნებელმა ჯანო ყაფლანიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაში, სამშენებლო კომპანიებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი მონაწილეობდა.

„ნამდვილად მისასალმებელია ასეთი ფორმატი, სადაც კონკრეტულ ტენდერებზეა საუბარი. ამასთან გვაქვს ფუფუნება, განვიხილოთ სტანდარტიზაციის საკითხი, რაც ერთ- ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს სამშენებლო სექტორში. 2022 წლამდე, ევრორეგულაციების მიხედვით, უნდა მოვასწროთ ახალი სტანდარტების დანერგვა და ამ პროცესში მშენებლების, საჯარო სტრუქტურების, აკადემიური წრეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“ – განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.