არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე „აიდექს 2019“, „დელტას“ წარმომადგენლობა განის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა .
დელეგაცია გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ახალ 120- მილიმეტრიან ნაღმმტყორცნის მოდულს გაეცნო. ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკს“, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორ „დიდგორს“ ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანას, მოდერნიზებულ ბიკალიბრულ უხმაურო ნაღმმტყორცნს, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს „რდ-7“, მოდიფიცირებულ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს, 338 კალიბრის სნაიპერულ შაშხანას „სატევარი-2“, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელებს.
აბუ-დაბიში, გამოფენაზე „აიდექს 2019“, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ეროვნული წარმოების შეიარაღებას წარმოადგენს. სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღება საქართველოს ისტორიაში პირველად არის წარმოდგენილი. ქართულ პავილიონზე გამოფენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.