ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს
ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომა პარიზში 24-27 ოქტომბერს გაიმართა.

ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა.


იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) მასზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ის შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს, რომლებშიც სულ მცირე ოთხი ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით. ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. ასევე, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქრონოლოგია.
ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით. ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა. 


ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა. 


UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში, ახალი ნომინაციის გარდა, შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:


1. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013); 


2. ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015): ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).