ილია მეორე UNESCO-ს ​რეესტრში შეტანილი ქართული სახარების გამოფენას დაესწრო
ილია მეორე UNESCO-ს ​რეესტრში შეტანილი ქართული სახარების გამოფენას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელნაწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს პალიმფსესტი არის უნიკალური ძეგლი იმიტომ, რომ ქვეყანას ეს შეიყვანს მსოფლიოს განსაკუთრებულ არქივებში. ალბათ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხელნაწერთა ინსტიტუტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამოგიდგეთ მხარში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს ეროვნულმა არქივმა UNESCO-ს 2016 წელს წარუდგინა.

უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი  შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, ოთხი ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი,  მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.

ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.

ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი,  ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში, ახალი ნომინაციის გარდა, შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:

1.      ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);

2.      ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):

ანბანდიდი სახარება (IX ს.),

ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),

ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),

ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),

ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),

შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),

შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),

მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.