„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებას უარყოფენ
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებას უარყოფენ

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებას, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ზუგდიდში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მომხდარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულების შესახებ. ბუნებრივია, მოსახლეობას გარკვეული შეკითხვები აქვს, მათ შორის, მწვავე ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა, მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერია უარყოფს, რომ დასახელებული პირი, გიორგი გოგინავა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წევრია და ყველა პოლიტიკურ ძალას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი გოგინავა ცდილობდა.