„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა
ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდის რიგებიდან გარიცხეს, „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელიც ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, დღეს გიგი უგულავამ და ოთარ კახიძემ წარადგინეს.
„ჩვენს გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თემურ კახიძე. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მმართველ პარტიაში გუშინ შეფუცხუნდნენ, აამოქმედეს ყველა მექანიზმი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან გადაწყვეტილება კახიძემ პრინციპების მიხედვით მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარაფერი მოახერხა და დაასწრო განცხადების გავრცელება, რომ იგი პარტიიდან გარიცხეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
„მე ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს იმ პარტიაში, სადაც ვიყავი, რომ ქვეყანა გამოგვეყვანა კრიზისიდან. „ევროპულ საქართველოში“ მივედი, რადგან ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა, როგორ გამოიყვანონ კრიზისიდან ქვეყანა. მე ასევე ვტოვებ თანამდებობას, ვიკავებდი საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტს“, – განაცხადა თემურ კახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არასდროს წასულა იგი მმართველი პარტიის წინააღმდეგ და აქამდე რატომ ემხრობოდა ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულოში მიიღებოდა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე, კახიძე პასუხობს, რომ ის იყო პასიურ მდგომარეობაში და ეს მეტყველებდა იმაზე, რომ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა მმართველ გუნდს.
„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ კახიძე მმართველი გუნდიდან ოპოზიციასთან გარიგებებში შესვლის გამო გარიცხეს. თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთეს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაშიც. როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, გარიცხვის მიზეზი კახიძის საქმიანობის პარტიის პრინციპებთან შეუსაბამობაა.